ჩემ შესახებ

       1970 წელს დავიბადე. მარტის თვის 16-ში. კითხვა დედამ შემაყვარა და დედის სიყვარულივით დღემდე მომყვება. ვოცნებობდი სტუდენტობაზე. რეპეტიტორებთან მიმავალი ტროლეიბუსის სარკმლიდან სანამ ჩანდა, უნივერსიტეტს თვალს ვერ ვაშორებდი. იქ სწავლა აუხდენელ ოცნებად მიმაჩანდა.
    1990 წელს სტუდენტი გავხდი. მანამდე იყო ცხრა აპრილი... ქვაფენილიდან სიმწრით ამოყრილი ქვები...  ყვავილების ზღვა მთავრობის სასახლის წინ დაღუპულ ადამიანთა ხსოვნისთვის... რუსთაველზე ჭადრის ხეებზე გაკრული რვეულის ფურცლები...  მიკვირდა, თურმე დიდმა მწუხარებამ შეიძლება ადამიანებს ლექსებიც კი დააწერინოს?! 
     ახალგაზრდას ცოტა ჰყოფნის ბედნიერებისთვის.  დანგრეულ ქვეყანაში ვსწავლობდით, მაგრამ ერთმანეთის მეგობრობა გვყოფნიდა.  დაბადების დღეზე ერთმანეთთან მისულებს, ვიცოდით ღამის გათენება მოგვიწევდა - ტრანსპორტი არ იყო და თანაც ტყავის ქურთუკისთვის შეიძლება ვიღაცას სასიკვდილოდაც კი გაემეტებინე. მერე რა რომ სიმღერა ყველას არ შეგვეძლო, გიტარა თან სულ დაგვქონდა.  თვისუფლებისთვის ყველფრის მოთმენა გვიადვილდებოდა, გვიხაროდა კიდეც. 
     მახსოვს, ქართული ენის გამოცდას მთავრობის სასახლიდან ბომბების აფეთქების ხმის ფონზე ვაბარებდით. ახლა უფრო მზარავს იმის გაფიქრება, ქართველს ქართველი რომ ჰყავდა გამეტებული, მაშინ კი ამაზე არც კი ვფიქრობდით. ახლა ცრემლი მერევა, გამოცდის ბოლოს ნახევრად გათოშილმა ლექტორმა ლავაშის აჩმისა და ნამცხვარი "სიგუას" რეცეპტი ჩაგვაწერინა, მშივრები არ იყოთო.  
      მრცხვენია, ამის თქმა, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა თავზე გვენგრეოდა, სტუდენტობის წლების გახსენებაც კი ბედნიერებას მანიჭებს. ეს ის დრო იყო, პურის რიგში ღამენათევებსა და უნივერსიტეტამდე ფეხით მისულებს ლექციებზე თვლემა რომ გვერეოდა, მაგრამ მაინც ვესწრებოდით ლევან ბერძენიშვილის, ზურაბ კიკნაძის, ელზა კაჭარავასა და ელგუჯა ხინთიბიძის ლექციებს.  ორი - სამი წლის მანძილზე ერთი და იგივე ტანსაცმელი გვეცვა, მაგრამ კუპონებით შეძენილი აბონიმენტების წყალობით უამრავი შესანიშნავი სპექტაკლი თუ საოპერო წარმოდგენა ვნახეთ. იყო დროც, როცა ნახევრად ცარიელ დარბაზში იზა გიგოშვილისა და რამაზ ჩხიკვაძის მონაწილეობით “კავკასიური ცარცის წრის ” ნახვის ბედნიერებაც გვქონდა. ჯანსუღ კახიძის დირიჟორობას ხომ დღემდე ვერ ვივიწყებ – უადგილო ადგილას მაყურებლის ტაშით გაღიზიანებულის მრისხანე მზერას. მე და ჩემი უფროსი ძმა თვალებში ვეღარ ვუყურებდით ერთმანეთს, თუმცა მთელი დარბაზიც ჩვენს დღეში იყო.
      წლები გავიდა. ახლა უკვე ოჯახი მყავს. მეუღლე და სამი ვაჟი: ჯარჯი, დამიანე და ცოტნე. უკან დამრჩა ლიტერატურის ინსტიტუტში ასპირანტურის დაუმთავრებელი კურსი. დღემდე არ ვიცი, თვალებში როგორ შევხედო ჩემი თემის ხელმძღვანელს, ბატონ როსტომ ჩხეიძეს. გურამ დოჩანაშვილის პროზის თავისებურებებზე ვმუშაობდით… პერიოდულად ვთანამშრომლობდი ჟურნალებთან –  “ლიტერატურული პალიტრა” და “ლიტერტურა და ხელოვნება”. რამდენიმე სტატია გამოვაქვეყნე მართლმადიდებლურ ჟურნალ “კარიბჭეში”.   დღემდე შემრჩა სურვილი, ვიჯდე და ვწერდე იმაზე, რაც მინდა.
        მერე ჩემი შვილები სკოლაში შევიდნენ და დროებით (მაშინ ასე ვფიქრობდი), მათ წამოზრდამდე, სკოლაში დავიწყე მუშაობა, მაგრამ… დღემდე იქ შემოვრჩი. 
         უცნაური ყოფილა მასწავლებლობა. პატარა ადამიანები შენს თვალწინ, წლიდან წლამდე, ნელ-ნელა გარდაიქმნებიან პიროვნებებად და ისაა, იწყებ მათი აზროვნებით ტკბობას, რომ ისინი უკვე სკოლას ამთავრებენ. მერე კი საკუთარი ადგილის ძებნაში გართულები უკან ზოგჯერ აღარც იყურებიან - ისე ერთვებიან წუთისოფლის ორომტრიალში. პატარა დინოზავრები, რომლებსაც მაღლა ახედვა ასწავლე, ულამაზეს ჟირაფებად გადაიქცევიან და მზესთან შესახვედრად გარბიან. მასწავლებელსაც მეტი არაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ მოსწავლის საყურებელი თვალით უყუროს ამ წუთისოფელს და...
        რა ბედნიერებაა, თუკი რომელიმე მათგანი გაგიხსენებს, უკან მოიხედავს სკოლის წლებისკენ და შენს სანახავად მოვა, ჯერ კიდევ ბავშვობისდროინდელი სუფთა თვალებით გაგიღიმებს და გეტყვის: “როგორ ხართ, მასწ?”.
        ზოგჯერ ვფიქრობ, ამ წუთებისთვის ღირს მარტო მასწავლებლობა, თუმცა ამ ყველაფერს მარტოობის დიდი სევდაც მოჰყვება. ყოველი მათგანი განსაკუთრებულია, ისევ თავიდან პატარა დინოზავრებთან ოცნების გაკვეთილების ჩატარება ბოლომდე ამ სევდას არ აქარვებს… ისინი ზოგჯერ უკანმოუხედავად მიდიან, მიდიან და უკან ერთხელაც აღარ იყურებიან. 
      ეს ვიცი, მაგრამ ზოგჯერ მოგონებები სევდით მავსებს. ამ დროს სავარძელში მოკალათებულს, წლების განმავლობაში ნაგროვები მათი სიყვარულით გამთბარი წერილები და სურათები მშველის და თუ სათვალის შიგნით ცრემლიც ჩამომვარდა, ვხვდები, რომ “ზამთარი” არც თუ ისე შორსაა.

Комментариев нет:

Отправить комментарий