ადგილი მზის ქვეშ
“პირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო იგი ღმერთი“, გვასწავლის
ბიბლია. ლიტერატურაც სიტყვით შექმნილი სამყაროა,
რომელშიც მკითხველი მოგზაურობს. ძალიან სასიამოვნოა, როცა მოსწავლეები თვითონაც იყენებენ
იმ მხატვრულ - გამომსახველობით ხერხებს, რომლებსაც სხვადასხვა ლიტერატურული ტექსტის
გაცნობისას სწავლობენ. ზოგჯერ გულდასაწყვეტიც კია, რომ მათი უამრავი შესანიშნავი ნააზრევი
სასკოლო რვეულებს გადაჰყოლია და დაკარგულა. ვფიქრობ, მოსწავლეთა მიერ შექმნილ მხატვრულ
ტექსტებსაც აქვთ უფლება, ჰქონდეთ ადგილი მზის ქვეშ, რადგან მათ ნაწერებში ხშირად ნამდვილ
მარგალიტებსაც შეხვდებით.
დიდი ხნის მანძილზე მოსწავლეთა საუკეთესო
ნაშრომებს, ესეებს, ჩანახატებს, ესკიზებს ვაგროვებდი. უამრავი სამუშაო რვეულიდან ამოხეული
ფურცელი, ნაგავში გადასაგდებად გამეტებული საქაღალდეში დამიმალავს და ყოფილა ისეთი
შემთხვევა, რომ მერე, თვითონ ბავშვსაც გაჰკვირვებია:
„არ არსებობს. ნუთუ ეს თქვენ შეინახეთ მაას?“
.
მახსოვს პირველი შემოქმედებითი ტური ბუბუს (მიხეილ გვაძაბიას)კლასში
ჩავატარე. მეექვსე კლასში იყვნენ. გაპიროვნების ხერხი ავხსენით და მერე ყველა შეეცადა
გაეცოცხლებინა ირგვლივ მყოფი საგნები. ნიკოლოზ დაუშვილმა თავისივე ბოტასის მონოლოგი
შემოგვთავაზა. ძალიან მოეწონათ. ბევრი იხალისეს. მერე გაჩნდა იდეა უკვე სკოლაში ჩაგვეტრებინა
ნორჩ შემოქმედთა კონკურსი „ადგილი მზის ქვეშ“. 2013 – 2014 სასწავლო წლიდან ის უკვე ჩვენს სკოლაში
ტრადიციად იქცა.
ქართული
ენისა და ლიტერატურის კათედრა დიდი ხანია, ზრუნავს მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარებისა
და წერითი მეტყველების გაუმჯობესებაზე. ჩვენი სკოლის დამფუძნებელი ბატონი დავით ჯანგულაშვილი
ყოველთვის თანადგომას გვიცხადებს მსგავს წამოწყებებში და საჭიროებისდა მიხედვით, ფინანსურადაც
გვეხმარება. ამიტომ წელს შევეცდებით შემოქმედებითი ტური მონაწილეებს უფრო საინტერესო
ფორმით შევთავაზოთ. გვაქვს სიახლეც მათ ტექსტები უნდა წარმოადგინონ Silfan-ში აკრეფილი 12 -იანი შრიფტით. დაურთონ საკუთარი
სურათი 20 – 30 სიტყვის შემცველი წარდგენით. ეს საშუალებას მოგვცემს შევქმნათ კონკურსის ელექტრონული
ვერსია.
მოსწავლეთა ნამუშევრები
მაწანწალა ძაღლი
ერთი მარტოხელა მაწანწალა ძაღლი ვარ. არც დედა
მყავს, არც მამა. პირველად თვალები რომ გავახილე, ჭუჭყიან ძველ ნაჭერზე ვიწექი. მახსოვს
მაშინ თაგვმა როგორ შემაშინა, მასზე ბუმბერაზი არავინ მეგონა. ახლა კი ვიც, რა მხიარული
და ცანცარაა. მისი მტერი კატა ბევრჯერ ჩავაგდე შავ დღეში მის გამო.
იმ დღეს ძაღლებში ხმა გავრცელდა, ადამიანებმა
ბულდოგი წაიყვანეს და სამუდამოდ დააძინებენო. მე ძილი ძალიან მიყვარს. თუ მუდამ ძეხვი
და თეთრი ძვალი დამესიზმრება, ნეტა მეც დამაძინებდნენ.
მაინც
ვერ გავიგე, რას გვერჩიან ადამიანები. ზოგიერთ ჩვენგანს შვილებივით ეფერებიან, მათი
გულისთვის დილაადრიან დგებიან და ასეირნებენ. ზოგიერთს კი ისეთი ზიზღით გვექცევიან,
გული მოგიკვდება. იმ დღეს სკვერში მეძინა. მოულოდნელად თავზე ისეთი სითბო ვიგრძენი,
გეგონება მზე ჩმეღვარა სხეულშიო. თვალი გავახილე და სიყვარულით სავსე ბავშვის თვალები
დავინახე. მადლიერების ნიშნად მინდოდა მისთვის ხელები დამეკოცნა, რომ მოულოდნელმა საშინელმა
ტკივილმა თვალი დამიბნელა. არ დამავიწყდება ბავშვის ბაბუის შიშითა და სიძულვილით სავსე
თვალები. ქვა ისე ჩამარტყა წელში, არც კი დაფიქრებულა, რომ მეც სულიერი ვარ და ტკივილს
მეც ვგრძნობ.
მას შემდეგ რაღაც დამემართა. სიცოცხლე აღარ
მახარებს. ვწევარ და აღარც ვჭამ. საქმე ისაა, რომ ვერ ვივიწყებ ბავშვის სიყვარულით
სავსე მზერას. პატრონიანი ძღლების მონურ ერთგულებ , ჩემს ძაღლურ თავისუფლებაზე ვერ
გავცვლიო, მუდამ ვფიქრობდი. პირველად შემეპარა ეჭვი. იქნებ, მაწანწალის თავისუფალ, უაზრო, უღირსებო
ცხოვრებას, სხვისი ბედნიერების სადარაჯოზე თუნდაც ჯაჭვით დაბმული დაბერდე, ისა სჯობს?!
დავით მაქაცარია. VIკლ. 2018წ
საქართველოს რუქა
ერთ დღეს
სკოლიდან სახლში დავბრუნდი. დავისვენე. შემდეგ მეცადინეობა დავიწყე. ბოლოს მხოლოდ ისტორია
დამრჩა. გადავწყვიტე საქართველოს კუთხეები გამემეორებინა. მივედი რუქასთან და ჯერ კავკასია
შემოვხაზე, შემდეგ კახეთი, იმერეთი, სვანეთი, გურია და ა. შ.
მოულოდნელად
საქართველოს კუთხეებმა ლაპარაკი დაიწყეს. თავიდან მეგონა, რომ მეჩვენებოდა, მაგრამ
კარგად რომ დავუგდე ყური, უკვე ყველა სიტყვა გარკვევით მესმოდა. კახეთი ბურდღუნებდა:
-ჩემთან
რომ ვენახი ხარობს, დაილოცოს უფლის ძალა, ისე ვერცერთ კუთხეში გაიხარებს. ბარაქიანი,
ნაყოფიერი მიწები მაქვს, ალაზნის ველი მეყოფა მარტო სატრახბახოდო...
-ახ, რა
თავის მოსაწონი საქციელია, ჩემო ბატონო, ტრაბახი? ასეთი მაგარი თუ ხარ ჩემთან რატომ
ცხოვრობს ამდენი ქართველი? მოსახლეობით მაჯობებ შენ? არ გამაცინო?! - გაეპასუხა ქირქილით ფიცხი იმერეთი - მე, შენ
შემოგევლე, იმერეთი ვარ, ი მ ე რ ე თ ი, აპა? -შეიცხადა შემდეგ.
მათმა
ჩხუბმა ჩემი მეგობარი ლიკა- მარია გამახსენა. მე კახელი ვარ, ის - იმერელი. სულ ვდაობთ,
კახეთი სჯობია თუ იმერეთი. ახლა ორივე კუთხის კამათს რომ ვუსმინე, მივხვდი, რა დიდი
უაზრობაა ამაზე ჩხუბი. იმას ჰგავს, რომ გეკითხებიან, ქათამი ადრე გაჩნდა თუ კვერცხიო.
თავსა და ბოლოს ვერ გაუგებ, რა უნდა უპასუხო.
ყური აღარ
დამიგდია მათი კამათისთვის. საქართველოს რუქა ფრთხილად დავკეცე და ისტორიის წიგნში
ჩავდე. ჩვენი წინაპარი გვასწავლის ძალა ერთობაშიაო.
მარიამ რევაზიშვილი. Vა კლასი. 2018წ.
ვიოლინოს სიმი
ერთ დღეს
ერთი- ერთი გრანდიოზული კონცერტის რეპეტიციაზე ვიოლინოს სიმი გაუწყდა. იგი ძალიან ნერვიულობდა
და საოწარკვეთილი ოხრავდა:
-
ეჰ, მე
ბედი არ მქონია, ასეთი შანსი მეორედ აღარ მექნება. მთელი მსოფლიოს სახელგანთქმული ვიოლინოები
იქ იქნებიან და მე კი ვერ გამოვალ ამ კონცერტზე. დამთავრდა ჩემი კარიერა, ამის მერე
რაღა უნდა მეშველოს... თანაც, ეს ოხერი, სიმიც
ისეთი ძვირი ღირს, რამდენიმე თვის ხელფასიც არ მეყოფაო.
მან გულით სთხოვა თავის მეგობრებს დახმარება, მაგრამ
ისინიცყველანი კონცერტზე გადიოდნენ დასიმი ყველას სჭირდებოდა.
ამასობაში
კონცერტიც დაიწყო და ამ ვიოლინოს ნაცვლად სხვა ვიოლინო გამოიყვანეს. ვიოლინო მთელი
კონცერტი დარდობდა. მას კონცერტის დამთვრების შემდეგ მეგობრები შემოეხვივნენ და ანუგეშებდნენ,
არაფერია, დირიჟორი რომ გაიგებს, შეგაკეთებენო. მაგრამ ვიოლინოს მაინც სული უტიროდა
და ხმაგაკმენდილი სასოწრკვეთილებაში ჩავარდა. ის კი არა და, დარდი რომ გულში ჩაეკლა,
სმაც კი დაიწყო. გაბეჩავდა და გაუბედურდა. დირიჟორმაც, ერთხელ რომ ნახა სხვა მის ჩასანაცვლებლად,
თავი აღარ შეიწუხა. სადღაც კი გული წყდებოდა მშრომელი და ნიჭიერია, მაგრამ შეუცვლელი
არ არისო, ამბობდა.როცა ვიოლინოს შეხვდებოდა, თვალს არიდებდა, თითქოს ვერ ამჩნევდა მისი უბედურების მიზეზს. ასე დარჩა ვიოლინო უმუშევარი.
გადიოდა დრო. მეგობრებიც განიცდიდნენ, ვიოლინოს ამბავს.
სულ მასზე ფიქრობდნენ. ერთხელ კონცერტის მერე ბარში ისხდნენ და ერთ-ერთმა ისიც კი თქვა,
ნებისმიერ დროს თითოეულ ჩვენგანსაც შეიძლება მსგავსი რამ დაემართოსო. მეორე დღეს ფულის
შეაგროვება გადაწყვიტეს და ბოლოს მეგობარს სიმი მალევე უყიდეს. საოცარი ის იყო, რომ ბედნიერი და ატირებული ვიოლინო რომ ნახეს, თვითონაც
ატირდნენ.
ერთი თვის
შემდეგ გრანდიოზული კონცერტი გაიმართა, კონცერტის შემდეგ ვიოლინო ორკესტრის პირველ
ვიოლინოდ გამოაცხადეს. ის ცას ეწია სიხარულით და ჯილდოს გადაცემის დროს თქვა, რომ არა
ჩემი მეგობრები, ამ წარმატებას ვერ მივაღწევდიო.მერეც, მთელი ცხოვრება გაჭირვებისას
თუ სიბერისას ახსოვდა ის დღე, თუ როგორ ისროდნენ მეგობრები ხელში აყვანილს მაღლა და
გულწრფელად უხაროდათ მისი წარმატება.
ავტორი: ბექა ბეგაშვილი.
VI ა კლასი.
2019 წელი.
მწიგნობარი კურდღელი
იყო
ერთი კურდღელი, რომელიც მინდორში ცხოვრობდა. იგი გონებამახვილობითა და გამჭრიახობით
გამოირჩეოდა.ის ტყეში მასწავლებლად მუშაობდა და ბევრ სასახელო კურდღელსა თუ ბაჭიას ზრდიდა. ბაჭიების
მშობლებს ძალიან უყვარდათ კურდღელი და ხშირად ეუბნებოდნენ: თქვენ რომ არ გვყვავდეთ, ჩვენ ან ჩვენს შვილებს რა გვეშველებოდაო.
მას მწიგნობარი შეარქვეს.
მწიგნობარი ასწვლიდა პატარებს ქართულ ადათ-წესებს, კულტურას,
რუსთაველის „ვეფხისტყაოსანს“, ილია ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანს“, „გლახის ნაამბობს“,
„ოთარაანთ ქვრივს“, აკაკი წერეთლის „ბაში- აჩუკს“, ვაჟა-ფშაველას „ხმელ წიფელს“, „იასა“
და „მთის წყაროს“. არც სხვა მწერლებს ივიწყებდა. ხანდახან უყვარდა თავგადასავლების
მოყოლაც.
ერთხელაც
თხრობა ასე დაიწყო: ჩემო ბაჭიებო, მე და არა მარტო მე, ყველა კურდღელს უამრავი მტერი
გვყავს. მაგალითად: ადამიანები, მგლები, მელიები, ტურები და კიდევ
ათასი სხვაც. ჰოდა, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ერთხელ
მეც გადავეყარე ადამიანს, მაგრამ... ღვთის წყალობით გადავრჩი და ახლა თქვენს წინაშე
ვდგავარ.
ყველაფერი კი ასე დაიწყო.
იმ
დღეს დიდი თოვლი მოვიდა. მთელი სოფელი ნისლით დაიბურა. შიმშილმა გარეთ გამომიყვანა
და თოვლში ვიმალებოდი. ამ დროს თოფის ხმა ძალიან ახლოსგავიგე და კანკალი დამაწყებინა. ვიცოდი, რომ თუ არ ვიმარჯვებდი,
ჩემი მეგობარი კურდღლებივით მეც მოვკვდებოდი და ადამიანის ლუკმა გავხდებოდი.დავინახე,
მონადირეები ჩემკენ როგორ იყურებოდნენ. ბაბუა და შვილიშვილი იყვნენ. ეტყობა მოხუცი
ბიჭს ნადირობას ასწავლიდა. მოულოდნელად თოფი მესროლეს. მე ადგილიდან არ გავნძრეულვარ,
თუმცა შიშით გული მისკდებოდა. მოხუცმა ჩათვალა, რომ ბავშვს შეეშალა, კურდღელი რომ ყოფილიყო,
აქმდე თავქუდმოგლეჯილი გაიქცეოდაო. მერე სხვა ნაკვალევს დაუწყეს ყურება და ნელ-ნელა
სხვა მხარეს წავიდნენ.
ერთი
რამ იცოდეთ, შვილებო, ზოგჯერ გაქცევა გამოსავალი არ არის და... თანაც, რაც არ უნდა გამოუვალ მდგომარეობაში იყოთ და ჩემსავით
უყურებდეთ მტერს პირდაპირ სახეში, ერთი რამ იცოდეთ ჩემგან, იმედი არასოდეს დაკარგოთ, იმედი გადაგარჩენთ.
ავტორი: მარიამ
რევაზიშვილი. VI კლასი.
2019 წელი.
ტარასკონელი სტუმარი
სისხამ დილით, ალიონზე, როცა თავად თათქარიძის
სახლს გატეხილი ღობის ჭრაჭუნი აყრუებდა, შეხმატკბილებულ ცოლ-ქმარს ტკბილად ეძინა. ზემოთხსენებული
წინადადებიდან არ იქნებოდა ათი წუთი გასული, რომ ჩვენმა „მზექალამ“ დააჭყიტა თვალები,
კაბა უკუღმა ჩაიცვა და მოჩაჩანაკებულ კიბეზე
გორგალივით ჩაგორდა. თან იმას ფიქრობდა, ჩემი გოშია არ გავაღვიძოო. გაიფიქრა თუ არა
ეს,
დაინახა ბიჭი, გაჭვარტლულ ბუხარს ძლივძლივობით რომ წმენდდა. გაიხადა
ჩუსტი დარეჯანმა მარჯვედ და საწყალ ყმაწვილს სულ თავში უტყაპუნა. აქეთ მსახურ გოგოს
გადასწვდა და ლამის თმებით მოაწმენდინა ცხიმით გაპოხილი აგურის იატაკი.
ნაშუადღევს, როცა მზე უკვე ზენიტს მიადგა,
ბატონი მძინარე „მზეთუნახავი“ კიბის ბოლოში საცვლის ამარა დოინჯშემოყრილი დადგა. რაღაცას
ფიქრობდა, მაგრამ რას, თვითონაც არ იცოდა. დარეჯანმა შენიშნა, მაშინვე გაანება მოსამსახურეების
დაწიოკებას თავი და გამოექნა სამზარეულოდან,
კიბეზე აგორდა და ქმარს მიაყარა:
- დღე მშვიდობის, ჩემო გოშია.
ლუარსაბი კი იდგა გაშეშებული და შტერივით
უყურებდა მოაჯირს. დარეჯანს ცოტა არ იყოს ეწყინა ქმრისგან ასეთი დამოკიდებულება და
გამწარებულმა მიახალა:
- რა იყო, კაცო, ენა გადაყლაპე,
თუ თვალთდაგაკლდა, შენს მეუღლეს რომ ვეღარა ხედამ?!
ლუარსაბი კი დგას ჯორივით. ძარღვი არ
უტოკავდა სახეზე. ნეტავ ჩვენც ვიცოდეთ, მკითხველო,მის ტვინში რა ჰარმონია და სიმშვიდე
ტრიალებს!თუმცა ამ ქალის ღრიალმა, თქვენი არ ვიცი და მე კი უკვე თავი ამატკივა...ამასობაში
ლუარსაბს თვალებში სიცოცხლის ნაპერწკლები დაუბრუნდა, თავი ასწია და დარეჯანს შესტყორცნა
ორბის მზერა. ტუჩები დაისველა და წარმოსთქვა:
- დარეჯან, ქალო, შენა მე ორმოცდაათმანეთიანი ქურქი რომ მოგეცი, რა უყავი?
დარეჯანმა გამწყრალი და გაკვირვებული
ხმით მიუგო:
- იიი, რა არი, კაცო, სტუმარი მოდის? განა შენთან ვინ უნდა მოვიდეს? ერთი
დიდი საქმიანიც შენა მყვანდე, აი......
ლუარსაბს ამ სიტყვების გაგონებაზე ცოტა
გული ეტკინა და ჩაილაპარაკა:
- დღესა თან კარგი დღე იქნება, თან
- ცუდი.
- ვითამ რათა, ქაა?..
- -რათა და , რო გეუბნებოდი, ბოზბაში სჯობია ჩიხირთმასა - მეთქი, დათოსა
ვკითხე და ჩიხირთმა ბოზბაშთან რა მოსატანიაო. აი, კაცის ნათქვამი რომ არ გესმის. ცუდი
კიდე ის არი, რო ამას წინებზე რომ გეუბნებოდი,ჩემნაირი დიდებული კაცი ცხოვრობს საფრანგეთშია-
თქო. არ მიჯერებდი, შენი სულისა. ხო არ მიჯერებდი. ჰოდა, დღეს მოდის აქა!
- რა თავი გიკვდება, ჩემო გოშიავ, შენ რა მაგაზე ნაკლები რითი ხაარ? - ჩაუტკბა
დარეჯანი მეუღლეს.
- დარეჯან, შენ არ იცი, მაგის გოგრა თავს, რა ბრძნული აზრების მოგროვება
შეუძლიან!.. აი, ბაობაბი რომ არის, ხომ იცი? დიდი ხეა, დარეჯან, დიიიდი...
- ვიცი, ქაა, თავი არ მომიკვდება, მა არ ვიცი?! - ეწყინა დარეჯანს.
-
მაცა,
ქალო!... შენ ეგ არ იცი, რო ეგ ბაობაბი თურმე იის მოსაყვანად გამზადებულ ქილაში ჩაურგავს.
ხედამ, ასე ხომ ეკონომიასაც გააკეთებს, რა ჭკვიანიია?!.. მაგს, შენმა მზემ, სხვა ვერ
მოიფიქრებად. ამიტომაცაა მსოფლიოში ჩემს მერე ყველაზე გავლენიანი პიროვნება!...
-
ჰო, ეგ
ეგრეა, მაგრამ... მაინც რათ მოდის, ქა, აქა? აქ რა დარჩენია?
-
მე რავი,
აბა, მომენატრეო...
დარეჯანმა ცხვირი აიბზუა, შეგორდა სახლში
და მალევე გამოუტანა ქურქი. ჩვენმა ვაჟკაცმაც
შემოიხურა ის მხრებზე და ცოტა ხანში ჩაფიქრებული შეგორდა ოთახში და ის იყო ტახტზე უნდა
გადაკოტრიალებულიყო, რომ მოულოდნელად კაკუნი გაისმა. თანაც ეს ისე მოულოდნელად მოხდა,
რომ ლუარსაბი კი არა, აქ მეც კი შევხტი.
დარეჯანმა კარები გააღო და მის
წინ დიდრონი ვაჟბატონი იდგა, რომელსაც მხარზე გადაკიდებული საუცხოო სანადირო თოფი ამშვენებდა.
იდგა და საბერველივით ქშინავდა, ეტყობოდა კიბეზე ამოსვლამ დაღალა. მის ყოველ ნაბიჯზე
ხალიჩაზე მტვერი ცეკვას იწყებდა. დაუდგა ლუარსაბს წინ. მოიკითხეს ერთმანეთი. ამ ჩვენს
ლუარსაბს კიდევ, ბოღმა ახრჩობდა. იქ რომ ყოფილიყავით, ბოღმისგან გაბერილ ბურთს დაუნახავდით
ყელში. ისეთი საზიზღარი შესახედავი იყო მაგის ქონში რაღაც გამობერილის ნახვა, რომ ლამის
გული ამერია, მაგრამ სტუმართან ცოტა უზრდელობაა და თავს შევიკავებ. ლუარსაბს კი უნდოდა,
რომ დარეჯანის თვალში უფრო დიდ ვაჟკაცად გამოჩენილიყო, გადაწყვიტა, მეტოქე ჩამოეშორებინა
და ქუდი მოეხდევინებინა. აიხედა მაღლა და რას ხედავს?! უთვალავი ბუზი ზის რიგში. ჰოდა,
ბრწყინვალე აზრმა გაუელვა. სტუმარს თვალების წკურვით შეხედა და ჰკითხა:
-
ტარტარენ,
ჩემო მეგობარო, აბა, ჭერზე აიხედე და მითხარ, რამდენი ბუზი გეგულება იქა?..
ტარტარენი ჩაფიქრდა და პასუხისთვის მოემზადა. ბოლოს
გაბედა და თქვა:
-
ერთი
ორმოცი მაინც იქნება
-
მე უფრო
ორმოცდაათსა ვფიქრობ - თქვა გაბღენძვით ლუარსაბმა და დარეჯანს მიმართა - დარეჯან, აბა,
ჩემო ვარდო, დაითვალე რამდენი ბუზია რაფაზე?
დარეჯანმაც ითვალა, ითვალა და ბოლოს დაიძახა:-
სამოცი,
სამოცი გახლავსთ!
-
ამ დაა...
- ამოზმუილა გაურკვევლად თავგზაარეულმა ლუარსაბმა.
- გაფრენილან!
- გულჩამთხრობი სისულელე წამოროშმა მასზე არანაკლებ სულელმა,რომლის სისულელე მეორე
სულელის ყურამდე ძლივს მივიდა.
- ხოო,
გაფრენილან მაშა.. - დაეთანხმა ლუარსაბიც. მეგობრებმა ბევრი ისაუბრეს ნადირობაზე სწავლა-განათლებაზე,
ტარასკონულ კრუასანებზე და ზოგადად, სმა-ჭამაზე. ბოლოს ,ტარტ-
არასოდეს
გაივლო გულში - აროხროხდა ლუარსაბი.
დარეჯანს
ეამა ეს პასუხი.არენმა ლუარსაბს სტაფილოსხელა
ბაობაბი გადასცა საჩუქრად, რა თავში ვიხლი, არ იჭმევა და სუნი მაგას არა აქვსო, ფიქრობდა
ლუარსაბი, მაგრამ ხმამარლა კი არაფერი უთქვამს. ნასადილევს სტუმარი გააცილეს. ლუარსაბს
გაუხარდა ტარტარენის წასვლა, ქურქი მოისროლა და ტახტზე გადასაკოტრიალებლად მოემზადა.
სწორედ ამ დროს დარეჯანი თავზე წამოადგა. ლუარსაბმა დაასწრო:-
ძაან
ბრძენი კაცია კია ეს ჩვენი ტარტარენი, არა, ჩემო დარეჯან?
დარეჯანმა ჯერ
თვალები ჭყიტა გაკვირვებისგან და მერე გაბრაზებით შეხედა თავის მეორე ნახევარს: -
მააშ
კი, ვითამ შენს ცოლზე ბრძენია?
-ეგ რამ გაფიქრებინა, დარეჯან,
ჩემო გულის წიწმატო-
არასოდეს
გაივლო გულში - აროხროხდა ლუარსაბი.
დარეჯანს
ეამა ეს პასუხი.
მერე ორივე დაწვა ცხიმით გაპოხილ წვირიან საწოლში. დარეჯანს
მაშინვე ტკბილად ჩაეძინა. საბრალო ლუარსაბს კი კოშმარი ესიზმრებოდა. თითქოს ტარტარენი
დამბაჩას უმიზნებდა და უყვიროდა:
ლიზი ნადირაშვილი VIIბ კლ. 2019წ.
-
აიტ,
შე ვირიშვილო! მე, ტარასკონის ნადირობის მეფეს, შენი ბუზები როგორ დამამარცხებენ?!.. გიჩვენებ სეირსო. - საკვირველება სწორედ ის იყო, რომ ჩვენს თავადს
სიზმარშიც კი ულვაში უცახცახებდა გაკვირვებისგან, ფრანგმა ეს ლაზათიანი კახური გინება
როგორ ისწავლაო. ასე იყო თუ ისე, ისიც უნდა ავღინიშნოთ, რომ ისინი ერთმანეთს სიზმარში ნახულობდნენ. ტარტარენის
სიზმარში ტარტარენი ლუარსაბს ეკიდებოდა, ასევე ხდებოდა ლუარსაბის შემთხვევაში..
ვაგროვებ
მზის სხივებს
ფიქრები ერთმანეთში მერევა... გადის უსასრულო გზას.
მათ ჯადოსნურ სამყაროში მივყავარ. აქ კი დრო თითქოს გაჩერებულია. ალბათ, თვითონ ფიქრებია
ჯადოსნური. მოვა... დამაფიქრებს, თავბრუს დამახვევს და უნებართვოდ გამიტაცებს... და
მას მივყავარ შორს... ძალიან შორს... თან ისე
ვიძირები მის სიღრმეში, რომ ვერც კი ვხედავ, სად მივდივარ. მივყვები მას და არ ვიცი,
სად ვადგამ ფეხს... ეს ფერები... ეს ფიქრები და ეს გრძნობები ერთმანეთს ერთვიან და
მაბნევენ...
ღამეა... ბნელა. ვეძებ მზის სხივებს...ღამის წყვდიადს
ლამპიონების მკრთალი შუქი და ჩემი ნათელი მოგონებები აცოცხლებს. მახსენდება ის ქარიანი
შემოდგომის დღე, როცა ირგვლივ მზის სურნელი იდგა და... როცა შენც ისეთი შეუმჩნეველი
იყავი მთვარის შუქზე. უფერული და.. შეუმჩნეველი.
მზის სინათლეზე შენს თვალებში ფეიერვერკი იფეთქებს...
მე შენ გენდობოდი, როცა შენთან ერთად ვაგროვებდი მზის დაკარგულ სხივებს. შენ კი...
ჩვენი შეგროვებული მზის სხივები, რომლებიც სამყაროსთვის უნდა გვეჩუქებინა, უმოწყალოდ
გაფანტე. მე შენში მცხოვრები მთვარეც მიყვარდა,
რომელიც მუდამ ელოდა მზეს. შენს თვალებში მოელვარე ვარსკვლავები მიყვარდა, რომლის ბრწყინვალებასაც
არავისთვის იშურებდი და ყველას უზიარებდი.
შენი საუბარი, რომელიც ასე ძალიან ჰგავდა მზის სხივებს,
ახლა გაყინულია. სულში საუკუნო ზამთარმა დაისადგურა. ... მზემაც ზურგი გაქცია. .. შენში
მცხოვრები მთვარე ახლა უკვე ვეღარასოდეს გაიელვებს, ხედავ, მანაც მიგატოვა?!.
მე კი...
მე ისევ ვაგროვებ მზის სხივებს და.. მათ სამყაროს ვჩუქნი.
შენ?..
შენს თვალებში აღარასოდეს აფეთქდება შემოდგომის ფეიერვერკი....
ახლა სიცარიელე ხარ...
რა თბილი
იყო შემოდგომის ის ქაოსური ქარიანი დღე, როცა შენ ჯერ კიდევ სამყაროს ნაწილი იყავი...
ვამჩნედი, როგორ ცეკვავდნენ ჩვენი მოგონებები ლამპიონების გარშემო და... აქ ის მომენტიცჩანს,
როცა მზის სხივებს ვპოულობთ. ახლაღა ვხვდები, რომ მეც და შენც მზის მოლოდინში დავკარგულვართ.
ამ ფიქრებს რეალობისგან შორს მივყავარ. შორეულ ჰორიზონტს ვცდები, ოცნებებში ვიკარგები, სუნთქვას
ვწყვეტ.
ზოგჯერ ძალიან ტკბილია ილუზია. მას მივყვები.
ვეძებ მზის სხივებს.
ავტორი: ნია
ჩაჩანიძე. VIIIბ კლასი. 2019წ.
პატარა
გოგო ფანჯარასთან
პატარ გოგონა ფანჯარასთან ზის.
ხედავს:
ქალი როგორ გვის ეზოს.
იქვე ჯიპიდან კარგად ჩაცმული მამაკაცი გადმოდის. ახლადდაგვილ
ეზოში ნაგავს ისე ჰყრის, რომ ძირს არც კი იყურება...
მერე მოხუცი
ქალი გამოჩნდა. ძლივს დადის. შეამჩნია ორი ახალგაზრდა. შეყვარებულები. ურცხვად ეხვეოდნენ
ერთმანეთს. მოხუცი ქალი გზის მეორე მხარს გადავიდა.
გაიხედა მარცხნივ და დაინახა თორმეტი წლის ინვალიდის
ეტლში მჯდარი გოგონა. საოცარუ ნაღვლიანი თვალებით უყურებდა ცისკენ გაფრენილ ბუშტებს.
გაიხედა პირდაპირ და ხედავს მურიანი და დაგლეჯილი ტანსაცმლით
შემოსილ ჭაღარა მოხუცს. კაცს - ქუჩაში პირდაპირ მტვერში ჩამჯდარს. წინ პატარ ყუთი უდგას
მოწყალებისთვის. ერთმა გამვლელმა ფული ჩაუყარა, მეორემ კი ურცხვად ამოაცალა. მოხუცმა
წამოიწია. ვერ გაეკიდა. ანდა როგორ? ფეხები
არ ჰქონდა...
გაიხედა საპირისპირო მხარეს. მუხრუჭების ხმამ ქუჩა დააყრუა...
მანქანა დაეჯახა ბავშვს, რომელიც გზაზე გადადიოდა.
მოცვივდა ხალხი.
მოვიდა პატრული.
მოვიდა სასწრაფოც...
მშობლები ტიროდნენ. მძღოლი გაიქცა...
ცოტა ხანში კი ქუჩა ისევ დაცარიელდა.
მერე გამოჩნდა ქალი მშიერი თვალებით. იქექება ნაგვის
ყუთში. დედამ პური იყიდა. გვერდით ჩაუარა და თვალი აარიდა.
პატარა გოგონა ფანჯარასთან თავჩაღუნული ზის.
თვალები ცრემლებით ევსება.
მერე დგება. ფარდას წევს და... ფანჯრისკენ ზურგით დგება.
ავტორი;
გვანცა სეფიაშვილი. VIIIბ
კლასი. 2019წ.
ასფალტებს ხეთქავს ყვავილი
მინდვრის
მინდა
რომ გითხრათ ერთი რაღაცა,
თუმცა
კი ეს თქვენ ისედაც იცით!
ვწუხვართ ყველანი,
თან... ვიმშვიდებთ თავს,
ვეძებთ
საშველს და... არის? არ არის?...
მაინც
რაშია იკითხავთ საქმე?
რადა... ვტრაბახობთ ამ მიწითა და წყლით.
ასეთი
მთა გვაქვს... ასეთი ზღვა გავაქვს...
იმედიც
დიიიდი - უფლის წყალობით.
სიბრაზე
უკვე ყელს ზემოთაა!
მახრჩობს
ნელ-ნელა, გულიც მიკვდება.
თქვენ
კი ვერ ხვდებით, რამ გამაბრაზა,
ნუთუ
ძნელია ამის გაგება?
ასეთი
რამე სად გაგონილა?!..
გვიყვარდეს
მიწა, სამშობლო ჩვენი,
მაგრამ
ამავ დროს ისე ვიქცევით,
ეგ
საქციელი რომ არ შეგვშვენის.
ვფიქრობთ,
კარგად ვართ, რა გვენაღვლება,
წელიც
ათასიც კარგად ვიქნებით!..
დიდი
ამბავი თუ მივატოვეთ
ცეცხლი,როდესაც
... ტყეში ვიქნებით?!
ასფალტებს
ხეთქვს ყვავილი მინდვრის...
შვლის
ნუკრის ცრემლიც აღარ გვატირებს.
ხმელი
წიფელის ჩუმი ვედრება,
გულგაქვავებულთ
აღარ გვაკვირებს.
ცათამბჯენები
და კორპუსები
მოგვწონს
და...ტყეში რაღა წაგვიყვანს?!
ფეხით
სიარულს აღარ ვკადრულობთ,
ყოველ
მეორეს მანქანები გვყავს.
ჩვენს
შემდეგ ქვაზე ქვა ნუ დარჩება.
ეს
პოზიცია არ გვეკადრება?!
იმ
ტოტის მოჭრით, რომელზეც ვსხედვართ,
სიცოცხლე
ირგვლივ განადგურდება!
რეკენ
ზარები განგაშის ხმებით.
ქუდზე
კაცი ვართ გამოსასვლელი.
ჩვენს
დედამიწას ფილტვები სტკივა,
კვამლში
გახვეულს გამონაბოლქვით!
დედა
ბუნების გადასარჩენად,
გვერდი-გვერდ
დავდგეთ, საქმე ვაკეთოთ!
მადლი
მოვფინოთ ჩვენით ჩვენს გამჩენს,
კეთილი
საქმითმადლი მოვფინოთ!
ფეხით
მოვივლით ყველა სალოცავს,
უფლის
დიდებით ყველას მოვივლით!
ქედსაც
მოვიხრით, მიწას ჩავაკოცნით,
ჩვენი
წინაპრის სისხლით გაპოხილს!
დიდება ჩვენი ქვეყნის ბუნებას!
უფლის ამ ქვეყნად ყოფნას დიდება!!!
ავტორი:
თამარ გურამიშვილი. VIIIბ კლასი. 2019 წელი.
რას ჩურჩულებენ ფოთლები?
ჩემში
ყველაზე დიდ სევდას შემოდგომა იწვევს. წარმოვიდგინოთ გვიანი შემოდგომის ცივი და ქარიანი
დღე, როცა ფანჯრიდან ვუყურებთ ფოთლებშემხმარ ხეს და გული მწუხარებით გვევსება. თითქოს
მთავრდება ცოცხალი ბუნების ცხოვრება. არ ვიცი რატომ, მაგრამ ფოთოლცვენა მასევდიანებს.
ფოთლები ადამიანებს მაგონებენ. თითქოს ისინი დაბერდნენ და ცხოვრება უმისამართოდ მიაქროლებთ.
ყველას
თავისი გზა აქვს - ადამიანს, ფრინველს, ცხოველსა და მათ შორის ფოთოლსაც. ხეზე შერჩენილი
უკანასკნელი ფოთლის დანახვა განსაკუთრებული მწუხარებით მავსებს. თითქოს ფოთლებთან ერთად
ხეს უკანასკნელი იმედიც უნდა მოსწყდეს. მაგრამ, ვიცი, რომ გაზაფხული მოვა და ხე კვლავ
გაიფოთლება. ისევ აშრიალდებიან მწვანედ მოხასხასე ფოთლები. დაიწყებენ ერთმანეთთან ჩურჩულს
და ჩვენც მომავლის იმედსა და სიცოცხლის ხალისს დაგვიბრუნებენ.
მარიამ
მამისიმედიშვილი. VIIბ
კლასი. 2018წ.
ოცნება
მარტო
ვარ.
ცივა... აკანკალებული წინ მივიწევ. ჩემი მთავარი მიზანი
გადარჩენაა. ვცდილობ არ დავეცე. ვჯდები. სულში შემოპარული სიცივე მაცახცახებს. ჩვენ
ყველას ჩვენი გზა გვაქვს, მაგრამ ეს გზები ზოგჯერ ისე შეიძლება ჩაიხლართოს, რომ ამ
ლაბირინთიდან ვერ გააღწიო. მოგონებები თავზე ნისლივით მეხვევა. სევდისფერი ბილიკებით
შორს მივყვები ჩემი ოცნების ცისფერ იალქნებს...
ვდგავარ
სარკმელთან. ფოთოლთა იდუმალ შრიალს თან სევდიანი მელოდია მოაქვს. ირგვლივ ჩიტების ჟღურტული
ისმის. ვაკვირდები მათ. ისინი ბედნიერები ჩანან. მე კი... ცრემლი მერევა. საათს ვუყურებ.
ისრები წიკწიკებენ. დრო გადის. თვალი მიშტერდება. მოულოდნელად თავდავიწყებით დატრიალდება
მუსიკალურ ყუთში ბალერინა. მოჩვენებითი თავისუფლებით ტკბება.
მერე
სიჩუმე ისადგურებს. სიცარიელე თანდათან სულს მტკენს. სასწრაფოდ ჩემს ოცნებებს სევდისფერ
მოსასხამში ვახვევ და შორეულ ბილიკებს გავუყვები
თქვენგან შორს.
მარტო
ვარ.
ნია ჩაჩანიძე.VIIბ კლასი. 2018წ.
მარტოობა
შემოდგომაა...
ბეღურები ჟივჟივებენ. სიოს ნაზი მელოდია ნელ-ნელა არხევს
მომაკვდავ, სისხლისფერ ფოთლებს. ცარგვალზე გადაჭიმულა ღრუბელთა ქარავანი. სადაცაა
იწვიმებს... ცოტაც და ბამბის ქულასავით თეთრი ღრუბელი ნაცარში ამოვლებულ ნაკვერჩხალს
დაემგვანება.
მარტო ვარ...
ფოთოლთა
იდუმალ შრიალს თან სევდიანი მელოდია მოჰყვება. საღამოისე მშვიდია, როგორიც მხოლოდ უფლის
სახლი შეიძლება იყოს... შავ
როიალზე გადაიბნევა შტრაუსის ვალსი. ფანჯრის რაფაზე მოცეკვავე წვიმის წვეთები კი რიტმს
ააყოლებენ...
ყველაფერი
ირინდება. მთვარიან ღამეს ფანჯარასთან მომიხმობს წვიმა. გთხოვთ, დამტოვოთ მარტო, მე
ხომ მასთან ჩურჩული მინდა
ლიზი ნადირაშვილი. VI ბ კლასი. 2018წ.
ტკიპა, ბუზბიაი და შურისძიება
I თავი. დანაშაული
იყო და არა იყო რა. იყო ერთი ჭიანჭველა. ჩვეულებრივი
ჭიანჭველა იყო, არავისგან გამორჩეული. ერთხელ ის მშობლებმა გააგზავნეს პროდუქტების
საყიდლად. როდესაც მშობლიურ სახლს გასცილდა, მას წინ გადმოუხტა სერიული მკვლელი ტკიპა.
ელექტროშოკით გათიშა და თავის ავტოფარეხში წაიყვანა.
ამასობაში ჭიანჭველის მშობლებმა ბუზბიაიში დარეკეს.
ყველაფერი კარგად დამთავრდა. საბედნიეროდ, ბუზბიაიმ მკვლელი ცხელ კვალზე დააკავა და
დააპატიმრა. ჭიანჭველა კი სახლში მშვიდობით დააბრუნეს. სიტუაცია ჩვეულებრივ კალაპოტში
ჩადგა. მაგრამ ამ ყველაფერმა ჭიანჭველა ძალიან შეცვალა. ამიტომ ყველას ესმოდა, რომ
მის ცხოვრებაში ჩვეულებრივად აღარც არაფერი იქნებოდა.
II თავი. ოცი წლის შემდეგ
ამ ამბის შემდეგ გავიდა ოცი წელი.
ჭიანჭველა პრეზიდენტი გახდა. სწორედ ამ დროს ოცწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხიდან
ტკიპაც გამოუშვეს. ერთ დღეს ჭიანჭველა მნიშვნელოვან შეხვედრაზე მიდიოდა. მისდაგასაკვირად
აღმოაჩინა, რომ მანქანას უცნობი მძღოლი მართავდა. ეს იყო ტკიპა, რომელიც თურმე ოცი
წელი მასთან შესახვედრად ემზადებოდა. ასე აღმოჩნდნენ ისინი ისევ იმ ნაცნობ ავტოფარეხში.
როდესაც ჭიანჭველა შეხვედრაზე არ მივიდა. განგაში ატყდა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადეს. ამ
დროს მანქანის მძღოლიც გამოვიდა კომიდან. მისი დაკითხვიდან გაარკვიეს თავდამსხმელის ვინაობა. ბუზბიაიმ მთელი
ქვეყნისფარგლებში დაიწყო ძებნა. საარქივო მასალამ გაახსენათავტოფარეხი, რომელიც ამ
საქმეში ფიგურირებდა.
ტკიპა ჭიანჭველას აწამებდა. მას მრავალი დარტყმა მიაყენა,
მაგრამ მაინც ვერ მოკლა, ვერ გატეხა.ამასობაში ბუზბიაიმ ბუზრაზმის საშუალებით ტკიპა
შეიპყრო და ისევ ციხეში ჩასვა.
III თავი. შურისძიება, კალია და ტკიპა
მას შემდეგ რაც ტკიპა დაიჭირეს, ბუზიდენტმა განაგრძო
ქვეყნის მართვა. რამოდენიმე წლის შემდეგ მოულოდნელად ტკიპა სასამართლომ გირაოთი გამოუშვა. ყველა მიხვდა, მის ზურგს მიღმა
რაღაც გაურკვეველიძალა რომ იდგა, მაგრამ ხმას არავინ იღებდა.
ტკიპა ბუზიდენტზე თავდასხმას გეგმავდა და შესაფერ დროს
ელოდა. გარშემო ერთგული მებრძოლები შემოიკრიბა. მათ შორის იყო ექსბუზიდენტი კალია,
რომელიც ისევ ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ცდილობდა.ხალხში ხმა გავრცელდა , რომ მათ
ბუზიდენტის მოკვლა უნდოდათ. ბუზბიაიში თავიდან ეს ყველაფერი ჩვეულებრივ ჭორად ჩათვალეს.
სანამ ტკიპას დაქირავებული მებრძოლები მთავრობის შენობაში არ შეჭრნენ და ჭიანჭველა
არ მოიტაცეს. თურმე ტკიპას ფეხზე დამაგრებული ჯიპიესის მოხსნა ციხიდან გამოსვლისას
არც კი გახსენებია, რის გამოც ბუზბიაიმათ კვალზე მალევე გავიდა.
სანამ ბუზბიაი შტურმისთვის ემზადებოდა, კალია და ტკიპა წაეკიდნენ ერთმანეთენ.
ტკიპას უნდოდა დაერტყა ჭიანჭველასთვის, კალიამ კი ხელი შეუშალა, ჯერ მე უნდა ვცემოო.
ტკიპამ ჯიბრით უთხრა:
- მე უნდა დავარტყა
პირველმაო.
- არა, მე უნდა დავარტყა პირველი! - იძარღვებოდა კალია.
- არა, მე
უნდა დავარტყაო - ნაკლებად არ ღრიალებდა ტკიპაც.
ბოლოს ისე მოხდა, რომ ორივეს დაავიწყდა ჭიანჭველა. ბუზბიაი
რომ მოვიდა, ისინი დასისხლიანებულები იყვნენ.
ბუზბიაის გასაკეთბელი თვითონვე გაეკეთებინათ,
დაუნდობლად გაუსწორდნენ ერთმანეთს და ასე ნაცემ - ნაგვემები განყოფილებაში გადაიყვანეს.
ყველა იმაზე ლაპარაკობდა, როგორ მშვიდად იჯდა თურმე სკამზე მიბმული შარვალ-კოსტიუმში
გამოწყობილი ქვეყნის პრეზიდენტი და მშვიდად
იღიმოდა.
მალე
სასმართლომ ტკიპას და ექსბუზიდენტს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.
მეც მეტი, აბა, რაღა გითხრათ?!. მას შემდეგ ყველაფერი
კარგად იყო.
საბა მაისურაძე. VII კლასი. 2018წ.
ადამიანის ცხოვრება
ცხოვრება
ჰგავს მოსაქარგ ტილოს. ძაფი, რისგანაც ის იქსოვება, თითოეული ადამიანია. ის ხან ცოდვაში - დაბლა, ხან მადლში - მაღლა მიდის
და როდესაც ის წყდება, ადამიანიც მიდის ამ ქვეყნიდან...ბოლო ნასკვი ადამიანის საფლავს ამყარებს. ტილოზე რაც
დარჩება მოქარგული, ცაზე ვარსკვლავებად მოიქარგება, რადგან ის სწორედ იმ ადამიანებმა
მოქარგეს, რომელებიც ამ ქვეყნიდან უკვე წავიდნენ...
ქვეყნად
ცხოვრება მოულოდნელობებით სავსე იმიტომ არის, რომ არ ვიცით, ნემსი თითში როდის შეგვერჭობა.
ნემსი გულია, ხოლო გული ცხოვრების საწინდარია. და რომ არ დავეცეთ, ამაში ჩვენი ერთგული
მეგობარი გვეხმარება. ჩვენ როცა ცოდვა დაბლა გვექაჩება, ის გონებას გვინათებს. გვითითებს,
რომ ასე არ შეიძლება და ამ მეგობარს სინდისი ჰქვია.
სინდისი
ნემსის ბოლოა. ჩვენ კი ცხოვრებას მას ვანდობთ.
ლიზი ნადირაშვილი. VI კლ. 2018წ.
ჰობი, გატაცება,
სიყვარული...
ტყეში ვზივარ. ვუყურებ ცის თაღს, რომელიც ღრუბლებით გადაჭედილა.
ფოთლების შრიალს თან მოჰყვება სევდიანი მელოდია. ტყის შუაგულში ბეღურების გამაყრუებელი
ჟივჟივი ისმის. მზის სხივები სახეს მწვავს.წინ მდინარე მირაკრაკებს და თან ქვებიც მიჰყვება.
მწვანე მინდვრის განუყოფელი ნაწილი ხდება ჩემი წითელი თმა და თეთრი კაბა, რომელიც ჯეისონს
მახსენებს.
ვფიქრობ ჩემს ჰობიზე, გატაცებაზე,
სიყვარულზე, ცხოვრების უდიდეს ნაწილზე, რომელმაც სამი დღის წინ უხმაუროდ წავიდა და
დამტოვა. სულში შემატოვა გაყინული მზერა.
ვფიქრობ და თან ცრემლები
მოგორავს ჩემს სახეზე. კაბაზე ჩნდება ცრემლის ლაქები. მინდა, ახლავე ავდგე და ვიყვირო
- „ჯეისონ, ნუ წახვალ! დაბრუნდი!“. მაგრამ ამაოდ. იმის ძალაც კი აღარ შემწევს, რომ
გავიხსენო ის დრო, როცა მე და ჯეისონი ამ ადგილზე ყოველ დღეს ერთად ვატარებდით. მისი
თვალები ისეთი ღრმა იყო, ზღვას მოგაგონებდა. მახსოვს ულამზესი ფერთაცვლა, რომელიც მის
სახეზე გადაითამეშებდა ხოლმე. ახლა კი მინდა, მასთან ერთად ვიყო. მხოლოდ
მე,
ის და
სულში ჩაწოლილი სევდიანი ფიქრები.
მერე...
მერე სევდისფერი ბილიკებით შორს გავყვები ჩემი ოცნებების
ცისფერ იალქნებს და თან გავიყოლებ ჩემი ცხოვრების უდიდეს და მტკივნეულ მოგონებებს,
რომელსაც ხავერდისფერი გადაჰკრავს ჩემს ოცნებებში, სადაც თავდავიწყებით ტრიალებს მუსიკალურ
ყუთში ბალერინა, რომელიც ჩემს თავს მაგონებს.
მაგრამ...
მერე ისევ ვუბრუნდები რეალობას.
სევდის მოსასხამში გახვეული მივუყვები შორეულ ბილიკებს და ვყვირი:
-„ სადა ხარ, ჯეისონ!!!....“
თათა ჩალაშვილი. VIIბ კლასი. 2018წ.
საოჯახო ნივთების კრება
მზიანი დღეა. ისმის ჩიტების ჭიკჭიკი. ყველა მშვიდადაა.
ჩამიჩუმი არ ისმის. მოულოდნელად ერთი სახლის
სამზარეულოში ჩოჩქოლი ატყდა.ნივთებმა მნიშვნელოვანი კრება გამართეს. პირველად მაგიდებმა
დაიწყეს საუბარი:
-ჩვენო
მეგობრებო, რამე უნდა მოვიმოქმედოთ! ადამიანები არასოდეს შეწყვეტენ ჩვენს წვალებას.
მაგალითად, ჩვენ, მაგიდები, ვეღარ ვუძლებთ ამდენ ტკივილს, ხან თავი გვტკივა, ხან - ფეხები. მეტი აღარ შეგვიძლია!
შემდეგი
სიტყვით ჭურჭელი გამოვიდა.
-პატივცემულო
მეგობრებო, მაგიდები მართლები არიან. ადამიანები არასოდეს მოგვასვენებენ. აი, მაგალითად,
ჩვენ ყოველდღე ძალიან გვაბინძურებენ. შემდეგ ისე გავასუფთავებენ, რომ ყველაფერი გვტკივა.
თანაც ზოგიერთი დაუდევარი ადამიანის გამო უამრავი ჩვენიანი გატყდა და ამ ქვეყნიდან
უდროოდ წავიდა.
ჭურჭელს
ყვირილი სავარძელმა შეაწყვეტინა და ხვნეშა-ხვნეშით პროტესტი გამოხატა:
-ეხ,
თქვენ რა გიჭირთ?! ხმა არ ამოგეღებათ. აი, მე კი წელი და ფეხები ყოველდღე მტკივა.ვისაც
არ მოწყინდება, ყველა კალთაში მიჯდება. ჩემი კვნესა კი არავის ესმის. განსაკუთრებით
მსუქნებმა გამწყვიტეს წელში, სიცოცხლე მომაბეზრეს... დაჯდებიან და ადგომას ვეღარ იგებენ.
ყველა
ხმაურობდა, ყველა რაღაცას ამბობდა. ბოლოს ქვაბმაც
ამოიღო ხმა.
-ხალხო,
გისმენთ და გამკვირვებია, რატომ უყურებთ ამ ყველფერს ცუდი კუთხით?! ჩვენ ხომ იმისთვის
ვართ შექმნილები, რომ ადამიანებს ვემსახუროთ, ეს ჩვენი მოვალეობაა. როცა ვჭყუჭყიანდებით,
გვწმენდნენ, გვასუფთავებენ და გვრეცხავენ. დამიჯერეთ, ისინი რომ არა, ჩვენ გავჭუჭყიანდებით,
დავიმტვრევით და დავჟანგდებით, პატრონი არ გვეყოლება. რით ვერ ხვდებით, რომ ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით!
უცებ გაჩუმდნენ.
ქვაბის
ნათქვამმა ყველა ჩააფიქრა და ხმის ამოღებას
ვეღარავინ ბედავდა.
სამზარეულოში
სამარისებური სიჩუმე იდგა.
ანა მურადიანი. VII კლ. 2018წ.
მალვა საკმარისია
მეგობართან თამაში პრობლემურია, რადგან შეიძლება იფიქრო,
რომ მოიწყინა და შენი ძებნა შეწყვიტა. შენ კი ამ დროს მაგიდის ქვეშ ხარ, ან კარადაში,
ან ყვავილების ბუჩქის უკან იმალები და დანებება არ გინდა. შეიძლება იფიქრო, რომ სადღაც
ჩაგისაფრდა და დროს წელავს. შეიძლება ისიც იფიქრო, რომ მიგატოვა. ქვემოთ ტელევიზორს
უყურებს და „პრინგლზს“ შეექცევა.
ელოდები.
ელოდები
მანამ, სანამ არ გავიწყდება თუ რისთვის ეძებდი... ჭიამაიას ხედავ. შენთვის უკვე სულერთია,
მნიშვნელობა აღარ აქვს, მოგძებნის თუ არა.
_ მალვა
საკმარისია!
ბუჩქებიდან
იმიტომ გამოდიხარ, რომ შენ გინდა ასე. ეს შენი
უდიდესი ნაბიჯია, რომელიც გადადგი. ხედავ მეგობარს, რომელიც ყველგან გეძებს. სამყარო
შენთვის უკვე უფრო ნათელი და თბილი ხდება. მიდიხარ მასთან და ეხუტები.
_ მალვა
საკმარისია!
ის
შენ გეძებდა.
შენ
ის
გ
ე
ძ
ე
ბ
დ
ა .
ელენე პაპაშვილი.VII ა კლასი. 2018წ.
ფერთაცვლა
მზე.
ფიქრები.
სევდა…
სიო არხევს ვვერხვის ფოთლებს... ვგრძნობ,
როგორ თრთის. ვეხები მას, მის ნაზ კანს. მერე ვახელ თვალებს და ვუმზერ გარემოს, რომელიც
მაჯადოებს თავისი ულამაზესი ფერთაცვლით. ჩუმად ვაპარებ მზერას მისკენ. დიდხანს ვუყურებ
სახეს ულამაზესს, რომელიც ჩემს მხარს მოყრდნობილა. ვამჩნევ, თუ როგორ ეფინება ჩამავალი
მზის უკანასკნელი სხივები და გული მეკუმშება. იქ, სადღაც შორს, სიზმრების საუფლოს იქით,
სულში წვეთავს ჩემი ნისლისფერი ფიქრები.
რატომ? რისთვის?...
რატომ? რისთვის?... რატომ? რისთვის?...
თავბრუს მახვევენ
და მტანჯავენ უპასუხოდდარჩენილი კითხვები.
თავს მაბეზრებენ.
მერე...
მერე ყველაფერი ქრება დასიჩუმე ისადგურებს.
ვრჩებით მხოლოდ
ჩვენ სამნი: მე,
შენ და
სამყარო,
რომელიც ჩვენს გარშემო ტრიალებს.
ზაზა ბენდიანიშვილი. VII კლასი. 2018წ.
გულჩიორას თავგადასავალი
I თავი. გულჩიორა და კაჭკაჭი
სულ ორი დღეა, რაც დედაჩემის გარეშე ვარ და
იცით, რამდენი უბედურება გადამხდა?! აი, მაგალითად, გუშინ მაყვალს ვკენკავდი. დედა
სულ მასწავლიდა, უქმად არ გაჩერდე, საზრდოზე ზრუნვა ჩიტების უმთავრესი მოვალეობააო.
მეც მივადექი მაყვლის ბუჩქს და მწიფე მაყვალს მივირთმევდი. ამასობაში დრო გამეპარა,
ბუდეში დაბრუნება ვეღარ მოვასწარი, ამიტომ იმ ღამით სხვა ხეზე დავიძინე. დილით გათენდა
თუ არა მაშინვე შინისაკენ გავწიე, მაგრამ იქ ავად ჩაყვითლებულთვალებიანი კაჭკაჭი დამხვდა,
ჩემი მშობლების მიერ წვალებით აშენებულ ბუდეში ამაყად გალაჯული იდგა და თვალებს ბოროტად
აბრიალებდა. დამინახა თუ არა, გამომეკიდა. რაც ძალი და ღონე მქონდა მივფრინავდი, ერთხელ
უკან მოვიხედე იმის გასარკვევად, დამეწია თუ არა - მეთქი.ამის გამო კინაღამ ხეს შევასკდი,
თუმცა, საბედნიეროდ, ამან გადამარჩინა კიდეც. შიმშილისგან გაბოროტებულმა ჩემმა მტერმა
ვერ მოასწრო თავის არიდება და ზედ შეასკდა. მეც დრო ვიხელთე და თავს ვუშველე.
მე კი გადავრჩი, მაგრამ სამაგიეროდ ამ ამბის
შემდეგ უსახლკაროდ დავრჩი. იქ დაბრუნება ვეღარ გავბედე. საბრალო დედაჩემი ცოცხალი რომ
ყოფილიყო, ალბათ, ცრემლად დაიღვრებოდა.
II თავი. მოგონებები
რაც კაჭკაჭს გადავურჩი
იმის შემდეგ, ბუდეში აღარ დავბრუნებულვარ. სადაც დამიღამდება, იქ ვათენებ. ვზივარ ობლად,
მობუზული ხის ტოტზე, ნისკარტს ფრთაში ვრგავ და წარსულს ვიხსენებ. მამა სულ ბუნდოვნად
მახსოვს, სამაგიეროდ დედა მახსოვს, მის დაბრუნებას
გათენებამდე რომ ელოდა ხოლმე დაღონებული და ის არ მოდიოდა. ხანდახან დედის ბუმბულის
სუნი მენატრება, მისი ტკბილი დარიგება, პირველი გაფრენა ბუდიდან და დედის სიხარულის
ცრემლები, უკვე დიდი ხარო.
ჩემმა და-ძმამაც მიმატოვა,
გაფრინდნენ და ბუდეში აღარ დაბრუნებულან. ვინ იცის, სად არიან?! დედის სიკვდილმა ერთმანეთს
დაგვაშორა. ახლა ჩემი ერთადერთი ნუგეში ღამეა, როდესაც ფოთლებში მიყუჟულს მოგონებები
მიცოცხლებენ ბარტყობის პერიოდს და მეც მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერი.
III თავი. მეგობარი
ერთხელ დარდისგან
გაბრუებულს წინიდან ვიღაც დამეჯახა და ორივე ამოვტრიალდით, ის ღაბუა ჩიტი აღმოჩნდა, თურმე ჩხიკვს გაურბოდა.
ორივეს ჯერ ერთმანეთის შეგვეშინდა, მერე კი ჩხიკვის, მისი ჩხავილი ტანში გვზარავდა
და ღონეს გვართმევდა, მაგრამ სიკვდილის შიში მაინც წინ მიგვაფრენდა. ბოლოსგადავრჩით.
ციყვის მიტოვებულ სახლს გადავაწყდით და შიგ შევფრინდით. გვეძება, გვეძება და მერე თავი
გაგვანება. აზრადაც არ მოსვლია, იქ მოვეძებნეთ. მას შემდეგ მე და ღაბუა დავმეგობრდით
და სულ ერთად ვიყავით.
IV თავი. ღაბუას ამბავი
ერთ წვიმიან დღეს ღაბუა ხასიათზე არ იყო, ვკითხე,
რა მოგივიდა- მეთქი. ვეღარ მოითმინა და თავისი თავგადასავალი მომიყვა:
„ -იყო დრო, როცა მთელი ოჯახი ერთ დიდ ბუდეში ვცხოვრობდით. ჩვენ ანუ მე
და ჩემი და-ძმები ბუდეში ვთამაშობდით. მამას და დედას ჩვენთვის საჭმელი მოჰქონდათ.
იცი, ასეთ წვიმიან ამინდში დედის ფრთისქვეშ შეყუჟულს რამდენჯერ მიოცნებია, ნეტა როდის
გავხდები დიდი ჩიტიო?! ახლა დიდი ვარ, მაგრამ
ჩემზე უბედური არავინ მგონია. ჯერ დედა აღარ დაბრუნდა, მერ მის საძებნელად წასული მამა.
ერთხელ ბუდეში შიმშილით
აწრიალებული ჩემი და-ძმა შემჩნია ქორმა და ჩვენს ბუდეს თავს დაესხა. მრცხვენია, მაგრამ
ლაჩარივით დავიმალე, გამოვფრინდი ისე, რომ მათ არ დავხმარებივარ. წვიმამ დედა გამხსენა,
ჩემი ბუდე, ის დრო როცა უზრუნველი ბარტყი ვიყავი... თავს ვერ ვპატიობ და-ძმის დაკარგვას,
მაგრამ მე რა შემეძლო“...
ჩუმად, უხმოდ ვუსმენდი. ანდა
რა უნდა მეთქვა?!
იმ ღამეს არცერთს არ გვძინებია.
V თავი. სიკვდილი
მოგვიახლოვდა შემოდგომა. სარჩოს ძებნაში ერთი გლეხკაცის ბოსტანს მივადექით,
პატრონს შიგნით სასაცილო საფრთხობელა დაედგა. აბა, იმის რომელ ჩიტს ეშინია, ჩვენ რომ
შეგვშინებოდა?! თურმე გლეხს დავუნახივართ. თოფი დაგვიმიზნა. ღაბუამ ჩემზე ადრე შეამჩნია
და სასოწარკვეთილმა ყვირილი დამიწყო, ჩქარა
მოვშორდეთ აქაურობასო. მე კი არ დავუჯერე. ამდენი გემრიელი საჭმელი ერთად არასოდეს
მენახა, გონზე მოსვლა ვერც კი მოვასწარი, რომ მოულოდნელად თოფის ხმა გაისმა. დავინახე,
როგორ დაეცა ღაბუა. მისი სისხლში მოსვრილი ბუმბული ჩემს წინ მიმოიფანტა. მივხვდი, ჩემ
გამო გაწირა თავი, წინ გადამეფარა, გადამარჩინა.
თვალწინ გამიელვა ჩემმა ცხოვრებამ და მიუხედავად იმისა, რომ გაფრენა და თავი შველა
შემეძლო, ადგილზე დავრჩი... უკანასკნელი რაც
დავინახე, ეს ჰაერში მოფარფატე ჩემივე სისხლიანი ბუმბული იყო.
ლიკა - მარია შუბითიძე. Vა კლასი. 2018წ.
ჭკუის სწავლება
იყო ერთი გოგონა. მას არ უყვარდა წესრიგი.
მისი ნივთები სულ აქეთ-იქით ეყარა და არ უვლიდა. მის გარშემო მუდამ ქაოსი იყო.
ერთ დღეს ნივთები გაექცნენ. მისი ოთახი სულ
დაცარიელდა. დიდხანს ეძება სახლში, მაგრამ ვერაფრით პოულობდა. ისინიც არა და არ გამოჩნდნენ.
გოგონა ძალიან, ძალიან დაღონდა. აღარაფრის ხალისი ჰქონდა.
გავიდა თითქმის ერთი წელი. ბოლოს პირველად
წიგნი დაბრუნდა და გოგონას უთხრა:
-ჩვენ ყველანი დავბრუნდებით, თუ შენ კარგად
მოგვექცევი. რაც შემეხება მე, ძალიან გთხოვ, ჩემში კალმით აღარასოდეს დაწეროო.
გოგონას ძალიან გაუხარდა და დათანხმდა.
ამის შემდეგ ის ძალიან მოწესრიგებული გახდა და
ყოველთვის თვალისჩინივით უფრთხილდებოდა საკუთარ ნივთებს.
ერთ დღეს გოგონა სასეირნოდ წავიდა. თამაშში
გართულს თავს დაესხა ვიღაც ბოროტი კაცი, მოიტაცა და ერთ ქოხში დამალა.
გოგონას ოთახში ნივთებმა ითათბირეს, იყაყანეს
დაბოლოს მოილაპარაკეს, ჩვენი პატრონი განსაცდელშია და აუცილებლად უნდა დავიხსნათო.
კალამმა თქვა, მე იმ კაცს მუცელში შევერჭობიო. წიგნმა თქვა, მე თავზე მთელი ძალით დავეცემიო.
მაკრატელმაც არ დააგვიანა და თქვა, ამასობაში მე გოგონას გავათავისუფლებ, იმ თოკს გადავჭრი,
რითაც ხელები ექნება შეკრულიო.
ისინი გაეშურნენ ქოხში და პატრონი გადაარჩინეს.
გოგონასკი ეს სიკეთე არასოდეს
დავიწყებია.
ერთხელერთ
მზიან დღეს ამინდი შეიცვალა. მოულოდნელად ამოვარდნილმა ქარმა წიგნი ფანჯრიდან გადააგდო.
სწორედ ამ დროს მანქანაც მოდიოდა, გოგონამ შეძლო წიგნის გადარჩენა. ფაქიზად უპრიალებდა
ყდას და მტვრისაგან ასუფთავებდა, გულში იკრავდა, გულის სიღრმეში სასიამოვნოდ უკვირდა,
ნეტავ წიგნი ასე ძალიან რა დროიდან შემიყვარდაო. როდესაც მას წიგნების კარადაში კუთვნილ
ადგილზე ფაქიზად დებდა, კიდევ ერთხელ თვალი მოავლო საკუთარ ნითებს და კმაყოფილმა წამოიძახა:
-რა კარგია წესრიგი!
იმ დღის მერე გოგონა მიხვდა, რომ თუ ადამიანი
მოწესრიგებული იქნება, უფრო ნაკლები პრობლემები და ბევრი მეგობარი ეყოლება.
ბექა ბეგაშვილი.
Vაკლასი. 2018წ.
სიზმარი
გათენდა. ავდექი საწოლიდან. ვისაუზმე. შემდეგ
წამოვწექი დივანზე ტელევიზორის საყურებლად. ის იყო მოვეწყვე, რომ ტელეფონმა დამიყვირა:
-ოე, ბიჭო, მოდი აქ და დამტენე!
შეშინებულმა ტელეფონი ხელისკანკალით შევაერთე
დასატენად. ერთხანს უაზროდ დავბორიალობდი. მერე სახლში ვეღარ გავჩერდი გულგახეთქილი
და ეზოში გავიქეცი. თან წავიღე ბურთი. მოულოდნელად ბურთმა მითხრა:
- არ დამარტყა, თორემ შენი ძალა რომ ვიცი,
გავსკდები კვახივით, ჯერ ახალგაზრდა ვარ,
სიკვდილი არ მინდაო.
ამან უფრო შემაშინა. მივატოვე ბურთი ეზოში
და ისევ სახლში ავედი. აღარ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. ოთახის ყვავილების მორწყვა გადავწყვიტე. მოულოდნელად ქოთანმაც შემომყვირა:
-შე უსაქმურო, რას აკეთებდი აქამდე, გავხმი
წყლის მოლოდინში, ბოლოს და ბოლოს მეც ხომ სულიერი ვარო.
ეს
უკვე მეტისმეტი იყო. მაცივარს მივვარდი, რომ ცივი წყალი დამელია და მანაც ჩხუბი დამიწყო:
-შე გასიებული, დღეში რამდენჯერ უნდა გახსნა
მაცივრის კარები? შენ კიდევ ჭამა გინდა? ვერა
ხედავ ტყავში ვეღარ ეტევი, აღარ უნდა დამასვენო?
ჩემმა ღრიალმა გამომაფხიზლა და ფეხზე წამომაგდო.
პირველ რიგში სარკეს ვეცი, მართლა ხომ არ გავსუქდი-მეთქი, მერე მოვტრიალდი, ტელეფონი
დასატენად შევაერთე და ოთახის ყვავილებს წყალი დავუსხი. ბურთს ახლოსაც არ გავკარებივარ.
-უჰ, ზოგჯერ მართლა რა კარგია გამოღვიძება?!...
დათა ჩალაშვილი. V კლ. 2018წ.
ია
ერთ შაბათ - კვირას ჩემს სოფელში ვიყავი. გავიღვიძე
ადრიანად. გამოვედი აივანზე. აქეთ - იქით მამლების
ყივილი ისმოდა. სახლის აივნიდან დუშეთის ულამაზესი ხედი იშლებოდა. სუფთა ჰაერი ჩავისუნთქე.
ეზოში
ჩავედი.
მიწიდან
პაწაწინა იებს თავი ამოეყოთ. მივუალერსე. უეცრად ხმა შემომესმა.
-
რუსა, შენთან ერთი თხოვნა გვაქვს. შეგიძლია, გარშემო
წკნელის ღობე შემოგვაწნა? იცი, გვეშინია, ჩვენმა ცუგამ არ გადაქვთელოს...
გამიკვირდა, მაგრამ
არ შემშინებია, ხუმრობა ხომ არ იყო, იების ხმა მესმოდა.
-
„რატომაც არა-მეთქი“ - ვუპასუხე და პაპასთან გავიქეცი.
მოვუყევი, რაც გავიგონე. პაპამ ტყიდან წნელი მოიტანა და ლამაზი კალათი შემოაწნა იებს. მე მას გულმოდგინედ ვეხმარებოდი.
იებმა მე და პაპას მადლობა გადაგვიხადეს. მეჩვენებოდა,
თითქოს თავსაც გვიქნევდნენ პატივისცემის ნიშნად.
ეს დღე ჩემთვის
ყველაზე ლამაზი, მშვენიერი და გასაოცარი იყო.
რუსუდან ბიბილაშვილი.მე-6 კლ. 2018წ.
ჩემი მეგობარი
- სათამაშო ორთქმავალი
ჩავიცვი ტანსაცმელი. ავიღე ჩემი დიდი სათამაშო ორთქმავალი,
დავაგე რკინიგზა და დავდე ზედ მატარებელი.
- - ჰეი,
აქ ვინ არის? - ვიკითხე მე , როდესაც ხმაური მომესმა. ჰოი, საკვირველებავ! თურმე სათამაშო
ორთქმავალი ლაპარაკობს.
- - ჰეი, აქეთ მოიხედე! რა ხდება? შენ როდის აქეთაა, რაც
ლაპარაკობ?
- - ორმოცი დღეა.
- - რაა? მართლა? როდის ლაპარაკობდი? რომ არ მესმოდა?
- - ეგ შენი პრობლემაა. ახლა კი გამომრთე, თორემ ელემენტი
დამიჯდება და მერე წუწკუნა ბავშვივით ატირდები.
- - კარგი, გამოგრთავ, - ვთქვი მე ცოტა არ იყოს დამფრთხალმა
და მართლა გამოვრთე ორთქმავალი.
გავედი
ეზოში სათამაშოდ და რას ვხედავ, ორთქმავალი მომყვება ჩხარაჩხურით.
-
- რას მომყვები,
ვერ გავიგე? - დავუყვირე გაბრაზებულმა.
- - მე მივდივარ იქ, სადაც საწუწკუნოა, - მიპასუხა.
- - რაა? - შევეკითხე გაკვირვებულმა.
- - რაც გაიგე, გაუგებარო! - მიპასუხა უკმაყოფილო ხმით.
შევედი
სახლში. ჩავკეტე კარები და რომ მოვიხედე, რას ვხედავ, ორთქმავალს თავისივე სამართავი
პულტი არ გადმოუგდია?!
- - რას შვრები, გინდა გატეხო? - ვეჩხუბე.
- - არა, ბარა, კი... - მიპასუხა.
- - რაა? რა ,, არა, ბარა, კი“? - ვეკითხები გაკვირვებული.
- - ანუ კი.
- - კარგი, ახლავე დადექი ლიანდაგზე, სანამ არ ჩაგამწყვდიე
საორთქმავლოში! - დავემუქრე.
- - რა იყო, გაუგებარო, რა გეწყინა? - მეკითხება ნერვების
მოსაშლელად.
- - რაო, გაუგებაროო, - გამიკვირდა და მეწყინა მე.
სასწრაფოდ ავყარე ლიანდაგები და ყუთში ჩავალაგე.
დავჯექი. გაკვეთილების მომზადება დავიწყე.
უცებ „ ბუხბუხი“ მომესმა, მატარებელი ყუთშიც არ ისვენებდა. მე უკვე დაღლილი ვიყავი
და აღარ მივაქციე ყურადღება. მასაც მოსწყინდა
უჩემოდ და ბოლოს გაჩერდა.
ავტორი ლაშა მანასაშვილი. Vაკლასი. 2018წ.
Комментариев нет:
Отправить комментарий